ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით უფრო მნიშვნელოვანია დადგინდეს ვინ გასცემდა განკარგულებებს, ვიდრე ვინ ავრცელებდა ამ ჩანაწერებს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს შს ყოფილმა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ საქმეების გამოძიება თავიდანვე შეიძლებოდა.
"ამ საქმეებს გამოუძიებელი არაფერი ჰქონდა, თუმცა დაიკარგა სამი წელი უიმედოდ. ყველამ იცოდა, რომ ასეთი ფაილები არსებობდა. ადამიანების 99%, ვისაც ჩადენილი აქვს ეს დანაშაული, მუშაობდნენ ოფიციალურ სტრუქტურებში და იღებდნენ ხელფასს. მათთვის კვალიფიციურად უნდა მოგვეთხოვა ვინ აკეთებდა ამას. დღეს რთულია, მაგრამ შესაძლებელია, რომ ამ საქმეების გამოძიება მოხდეს", - განაცხადა ნარჩემაშვილმა.
მისივე თქმით, ეს ისეთი საქმეებია, რომლის გამოძიებაში რუსეთისა და უკრაინის გარდა საქართველოს ყველა ქვეყანა შეუწყობს ხელს.
"ნებისმიერი ქვეყანა მისცემს უფლებას ქართულ საგამოძიებო სტრუქტურებს, რომ შევიდნენ მათ ტერიტორიაზე და აწარმოონ კონკრეტული გამოძიება. მივიჩნევ, რომ უფრო მნიშვნელოვანია დადგინდეს ვინ გასცემდა განკარგულებებს, ვიდრე ვინ ავრცელებდა ამ ვიდეოებს", - განაცხადა ნარჩემაშვილმა.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ფარული ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნება მიმართულია იმისკენ, რომ პოლიტიკური სისტემა ჩამოიშალოს.