პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ასევე შედის საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტებში, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტებს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების საკითხთან დაკავშირებით დასმული კითხვის კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, კითხვაშიც აღინიშნა, რომ შოკირებული იყო ასეთი მასალების გამოქვეყნებით.
"შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ, რომელიც შოკირებული იყო, რომ ასეთი მასალები დაიდო და ვეთანხმები იმ საზოგადოებრივ მოსაზრებას, რომ პირადი ცხოვრება ხელშეუხებელი უნდა იყოს. უნდა აღვნიშნოთ, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ასევე შედის საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტებში", - განაცხადა ჰერმანმა.
მისივე თქმით, კარგია, რომ გამოხატული იყო ერთიანობა საზოგადოების მხრიდან ასეთი მასალების გამოქვეყნების მიუღებლობასთან დაკავშირებით.
"ამ საკითხზე გაერთიანდა როგორც პოლიტიკური სპექტრი, ასევე სამოქალაქო საზოგადოება, რიგითი მოქალაქე და სასურველი იქნება, რომ ასეთი ერთიანობა ამ საკითხის მიმართ მომავალშიც გაგრძელდეს", - აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.