ევროკავშირმა რუსეთთან ურთიერთობის 5 პრინციპი შეიმუშავა

ევროკავშირმა რუსეთთან ურთიერთობის 5 პრინციპი შეიმუშავა

ევროკავშირმა რუსეთთან ურთიერთობის 5 პრინციპი შეიმუშავა. როგორც გერმანული გამოცემა "დოიჩე ველე" იტყობინება, შესაბამის შეთანხმებას ევროკავშირის 28 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიაღწიეს.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისრის, ფედერიკა მოგერინის შეფასებით, 28-ვე ქვეყანამ აღნიშნულ შეთანხმებას ერთხმად დაუჭირა მხარი. 

რუსეთთან მიმართებაში ევროკავშირი იხელმძღვანელებს შემდეგი პრინციპებით: მინსკის შეთანხმების სრული რეალიზაცია, ყირიმის საკითხის არაღიარება, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებთან ურთიერთობის განმტკიცება, ასევე ევროკავშირის შიდა მდგრადობის გაძლიერება.

გარდა ამისა, ბრიუსელი რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას გააგრძელებს.

ფედერიკა მოგერინის შეფასებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივება არა ტექნიკური, არამედ პოლიტიკური საკითხია. მისი თქმით, ივლისში, როცა მოქმედ სანქციებს ვადა გაუვა, გაიმართება პოლიტიკური დისკუსია, რა დროსაც ევროკავშირის ქვეყნები საკუთარ პოზიციებს დააფიქსირებენ.