აკადემიურმა საბჭომ ვლადიმერ პაპავას იმპიჩმენტის საკითხი არ განიხილა

აკადემიურმა საბჭომ ვლადიმერ პაპავას იმპიჩმენტის საკითხი არ განიხილა

თსუ-ის რექტორის, ვლადიმერ პაპავას იმპიჩმენტის საკითხი უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ არ განიხილა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს სამართლის დოქტორმა, ავთანდილ კახნიაშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე დღის წესრიგში ვერ დადგება ვლადიმერ პაპავას იმპიჩმენტის საკითხი, რადგან ეს ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ უნივერსიტეტს მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად დაუმძიმებს. კახნიაშვილი აკადემიურ საბჭოსა და სტუდენტებს შორის შუამავლის როლს ასრულებს და ამ სტატუსით ის საბჭოს სხდომას ესწრებოდა.

ავთანდილ კახნიაშვილმა დაპირისპირებულ სტუდენტებს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ვლადიმერ პაპავა მზად არის ერთობლივად შეხვდეს სტუდენტების ორივე ჯგუფის წარმომადგენლებს და უნივერსიტეტის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრის გზები მათთან ერთად განიხილოს. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებენ თუ არა უნივერსიტეტის რექტორისა და აკადემიური საბჭოს შეთავაზებას სტუდენტები.

კახნიაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მხოლოდ კანცლერის არჩევნებია აქტუალური, სადაც სტუდენტების აქტიური ჩართულობა გახდება საჭირო, რომ ერთობლივი ძალებით მოხდეს ღირსეული კანდიდატის შერჩევა.