თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატმა გადაწყვეტილება აკადემიურის საბჭოს სხდომის შემდეგ მიიღო.
„ვითვალისწინებ რა დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს და ასევე, საქართველოს პრემიერ მინისტრის მოწოდებას, სტუდენტების გახლეჩის და მოსალოდნელი დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, ვხსნი ჩემს კანდიდატურას.
ამასთან ერთად, ვაცხადებ, რომ ჩემს წინააღმდეგ წამოყენებული ყველა ბრალდება იყო იმ ბინძური კამპანიის ნაწილი, რომელიც დაიწყო რამდენიმე დღის წინ და ემსახურებოდა ჩემი, როგორც კანცლერობის კანდიდატის დისკრედიტაციას. მზად ვარ პასუხი გავცე ჩემი წარსულის შესახებ ნებისმიერ კითხვას.
კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მხარდამჭერებს აკადემიურ საბჭოში ნდობისათვის, თითოეულ სტუდენტს, ადმინისტრაციის თანამშრომელსა და პროფესორ-მასწავლებლებს თანადგომისათვის და ბოდიში მოვუხადო მათ ჩემი ამ გადაწყვეტილების გამო. ბოლო დროს, უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენები, რომლებმაც საფრთხის ქვეშ დააყენა უმაღლესი სასწავლებლის ნორმალური ფუნქციონირება და გამოიწვია სტუდენტების დაპირისპირება, მართული იყო იმ ძალების მიერ, რომლებიც ცდილობდნენ კანონის სრული დაცვით, არჩეული კანცლერობის კანდიდატის დისკრედიტირებას და უნივერსიტეტის გახლეჩას.
ვთვლი, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა თავის თავზე უნდა აიღოს უნივერსიტეტის რექტორმა, რადგან მან, როგორც უნივერსიტეტის პირველმა პირმა, არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგა მიმდინარე დღეებში სიტუაციის ნორმალიზების, სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევისა და დაძაბულობის თავიდან აცილებისათვის, - წერს გიორგი გაფრინდაშვილი "ფეისბუქში".