ეს არის ტერორიზმის ახალი სახე, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში კონკრეტულად უნდა აისახოს

ეს არის ტერორიზმის ახალი სახე, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში კონკრეტულად უნდა აისახოს

პოლიტიკისა და სამართლის ცენტრის თავმჯდომარის, ადვოკატ ამირან გიგუაშვილის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელება ტერორიზმის ახალი სახეა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პოლიტიკისა და სამართლის ცენტრიდან აცნობეს, ამირან გიგუაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ასეთი ჩანაწერების გავრცელება ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს, როგორც ტერორიზმის სრულიად ახალი სახე, რომელიც მიმართულია მთლიანად ქართული საზოგადოების და სახელმწიფოს წინააღმდეგ. აღნიშნულის გამო ადვოკატი დღეს მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში არსებითი სახის ცვლილებების განხორციელებას ითხოვს.

"ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს არსებული ნორმები სისხლის სამართალის კოდექსში სრულად და ადეკვატურად ვერ ასახავს იმ მოვლენებს, რომლებიც ჩვენს ირგვლივ ვითარდება. აშკარაა, რომ მიზანი, რომელიც ამ კადრების გამავრცელებლებს აქვთ, ცდება ერთი კონკრეტული პიროვნების ან თუნდაც ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დისკრედიტაციის მცდელობას. ეს არის მცდელობა, რომ ფსიქოლგიური ტერორის გამოყენებით შეიცვალოს არსებული პოლიტიკური წესრიგი. დამნაშავეთა ძირითადი მიზანი სწორედ საზოგადოების დაშინება და სახლმწიფოს დასუსტებაა. შესაბამისად ეს განზრახვა, ცდება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით გათვალისწინებულ დისპოზიციას, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელებას გულისხმობს და მიეკუთვნება სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობილების, უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა კატეგორიას", - აცხადებს გიგუაშვილი

მისივე თქმით, საჭიროა დაუყოვნებლივ დაიწყოს საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა, რომლითაც არა მხოლოდ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის გამო დადგენილი სანქციები გამკაცრდება, არამედ მოხდება სპეციალური ნორმის შემოღება და არსებული მუხლების დაზუსტება დამნაშავეთა სუბიექტური განზრახვიდან გამომდინარე.

"სამართალი არის ცოცხალი ორგანიზმი. ტექნოლოგიური პროცესების განვითარების პარალელურად, იზრდება საფრთხეები, იარაღი და საშუალებები დამნაშავეების მიერ დასახული მიზნების მისაღწევად. სახელმწიფო ვალდებულია დროული და ადეკვატური სამართლებრივი მექანიზმები დაადგინოს არსებული საფრთხეების პრევენციის და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის მიზნით", _ აღნიშნა გიგუაშვილმა.

ინტერნეტში დღეს პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა. ვიდეოს თან ახლავს ტექსტი, რომელშიც მასალის ავტორი მოქმედ პოლიტიკოსებს მუქარის შემცველი მესიჯით მიმართავს და მოუწოდებს, პოლიტიკიდან წავიდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ შესახებ მსგავსი ტიპის ჩანაწერების გავრცელებას გააგრძელებს. "წადით პოლიტიკიდან და არ დაიდება კადრები, თუ არადა და იხილავთ შემდეგ სერიებს", - იმუქრება ვიდეოს ავტორი.