თანამშრომლები დღის ბოლომდე მიიღებენ გადაწყვეტილებას, შეუერთდებიან თუ არა შპს

თანამშრომლები დღის ბოლომდე მიიღებენ გადაწყვეტილებას, შეუერთდებიან თუ არა შპს "ტელეკომპანია მაესტროს"

შპს "ტელეკომპანია მაესტროს" დირექტორის, ბაჩო კიკაბიძის განცხადებით, "მაესტროს" თანამშრომლები დღის ბოლომდე მიიღებენ გადაწყვეტილებას, დატოვებენ თუ არა შპს "სტუდია მაესტროს" და შეუერთდებიან თუ არა შპს "ტელეკომპანია მაესტროს".

შპს "სტუდია მაესტროსთან" თანამშრომლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება თანამშრომლების ნაწილმა უკვე მიიღო. როგორც კიკაბიძემ განაცხადა, თუ ისინი გადაწყვეტილებას მიიღებენ შპს "ტელეკომპანია მაესტროსთან" თანამშრომლობის თაობაზე, ხვალიდანვე გააგრძელებენ მის კომპანიაში მუშაობას.

"შევხვდი ყველა თანამშრომელს, შევთავაზე შპს "ტელეკომპანია მაესტროში" გადმოსვლა. არავის არაფერს ვაძალებთ, ვისაც ექნება სურვილი, ის ითანამშრომლებს. პირობებს ვთავაზობ იგივეს. დაფინანსებაზე პასუხისმგებელი კი იქნება ისევ მაკა ასათიანი, ვინც ამდენი წელი აფინანსებდა "მაესტროს", - განაცხადა ბაჩო კიკაბიძემ.

მისივე თქმით, ის გააფორმებს კონტრაქტს მაკა ასათიანის დაქვემდებარებაში მყოფ კომპანია "ემ ინვესტმენტთან" შენობის თაობაზე და შპს "ტელეკომპანია მაესტრო" გააგრძელებს მაუწყებლობას იმ შენობაში, სადაც ფუნქციონირებდა "მაესტრო".

კიკაბიძის განცხადებით, მარეგულირებელი კომისია შპს "ტელეკომპანია მაესტროს" მაუწყებლობასთან დაკავშირებით სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს.

ამასთან, "მაესტროს ფაქტორის" პროდიუსერმა ბაია ძაგანიამ ბაია გადაბაძე ზეწოლაში დაადანაშაულა. როგორც ძაგანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ მხოლოდ ერთი საათი მიეცათ დრო მოსაფიქრებლად, რაც ძალიან ცოტაა.

"ბაია გადაბაძემ და მამუკა ღლონტმა გააკეთეს განცხადება, რომ 7 საათამდე უნდა დავწეროთ განცხადება, რომ ვამბობთ ლევან გაჩეჩილაძესთან თანამშრომლობაზე უარს და თუ ამას არ გავაკეთებთ, ხვალიდან ამ შენობაში ვერ შემოხვალთო. მე შევხვდი ლევან გაჩეჩილაძეს და ამის გამო მომაყენა პირადი შეურაცხოფა ბაია გადაბაძემ და მომთხოვა დაუყოვნებლივ შენობის დატოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მან მითხრა, რომ ეს ძალისმიერი მეთოდებით მოხდებოდა. არ შეიძლება ერთ საათში სასწრაფოდ მიიღო გადაწყვეტილება განცხადების დაწერაზე და გადახვიდე მეორე ტელეკომპანიაში. მიმდინარეობს სამართლებრივი დავა და ყველას გვაქვს უფლება, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ძალიან ბევრი არის დაბნეული, მათ შორის ტექნიკური ჯგუფის 80%", - განაცხადა ბაია ძაგანიამ.

ამ განცხადებებამდე ტელეკომპანია "მაესტროში" ბაჩო კიკაბიძე, მამუკა ღლონტი და ბაია გადაბაძე თანამშრომლებს შეხვდნენ.