თუკი ვინმემ ჩვენი ხელისუფლების დროს ასეთი რამ ჩაიწერა და როგორც ჩანს ჩაიწერა, პირველ რიგში ჩვენი მტრები არიან

თუკი ვინმემ ჩვენი ხელისუფლების დროს ასეთი რამ ჩაიწერა და როგორც ჩანს ჩაიწერა, პირველ რიგში ჩვენი მტრები არიან

ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, პირადად ჩვენზე, ჩვენს მეგობრებზე, ჩვენს ლიდერებზეც იწერდნენ და მერე თუკი ჩვენ რაიმემ ზიანი მოგვაყენა, სწორედ ამ ჩანაწერებმა მოგვაყენა, - ამის თაობაზე "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განუცხადა.

ბარამიძე დარწმუნებულია, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გარკვეული პირები მაშინდელი ხელისუფლების ზურგს უკან მოქმედებდნენ.

"თუკი ვინმემ ჩვენი ხელისუფლების დროს ასეთი რამ ჩაიწერა და როგორც ჩანს ჩაიწერა, პირველ რიგში, ჩვენი მტრები არიან, იმიტომ, რომ პირადად ჩვენზე, ჩვენს მეგობრებზე, ჩვენს ლიდერებზეც იწერდნენ და მერე თუკი ჩვენ რაიმემ ზიანი მოგვაყენა, სწორედ ამ ჩანაწერებმა მოგვაყენა. დღევანდელი ხელისფლების დანაშაული სწორედ ის არის, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ჩვენს ზურგს უკან, ჩვენი მტრობის გამო, ასეთ რამეს აკეთებდნენ, ამათ გადმოიბარეს. სულაც არ გამოვრიცხავ, რომ თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა, ან მან, ვინც ირიბად მართავს ივანიშვილს ან აგენტურამ, ეს გარკვეული თანხების სანაცვლოდ გააკეთებინა - ქვეყანაში სიტუაციის არევის მიზნით. შეიძლება ამაზე სპეცსამსახურებიდან გარკვეული პირები მუშაობდნენ – რა უნდა ამას, ადამიანს მილიონს გადაუხდი და ისეთ საშინელებას მოგიწყობს, რომ მთელს სპეცსამსახურს კი არა, მთელს ხელისუფლებს გასვრის. სამწუხაროდ, დიდი ფულით ყველაფერი კეთდება. ამის მაგალითია ბედუკაძე", - განაცხადა ბარამიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

მისივე შეფასებით, ბოლო დღეების განმავლობაში პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გამოქვეყნების ფაქტით საქმე გვაქვს "იმ აბსოლუტურად უზნეო პოლიტიკის გაგრძელებასთან, რომელიც ადამიანის ღირსებასთან დაკავშირებული ვიდეოების გამოქვეყნებით დაიწყო".

"ცალკე თემაა, ვინ იწერდა და რომელ დროს იწერდა – ესენი ყველანი დასაჭერი და დასასჯელი უზნეო კრიმინალები არიან. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მეორეა, როცა ამ მოპოვებულ მასალებს, რომელიც გარკვეული ადამიანიების ხელში ინახება და ცხადია, ეს არის სპეცსამსახურების ხელში, აქვეყნებენ და პოლიტიკური შანტაჟისა და ბრძოლისთვის იყენებენ. ვთვლი, რომ ახლა, ვისაც ამ ჩანაწერებზე ხელი მიუწვდება, ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. ამ ქვეყანაში პრობლემა ის არის, რომ ძაღლი პატრონს ვეღარ სცნობს - თვითონ ხელისუფლების შიგნით არის სიტუაცია არეული, იმდენი ძალა ებრძვის ერთმანეთს, ოღონდ ბიძინა ივანიშვილის ქვემოთ და მისი ქოლგის ქვეშ. ამასთან, ეს ყველაფერი იმის ფონზე ხდება, როცა დადგენილია, რომ ასეთი მასალა სწორედ დღევანდელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირმა – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მის წინააღმდეგ კომპრომატებით მომუშავე ჟურნალისტთან დაკავშირებით გამოაქვეყნა და ის ერთი დღეც არ მჯდარა ციხეში", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ბარამიძემ.