შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალექსო ელისაშვილი მთავარ პროკურატურაში კიდევ ერთხელ დაიკითხა. როგორც დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს ელისაშვილმა განუცხადა, შეკითხვები იმ პატიმრის წერილს შეეხებოდა, რომელიც პროკურატურას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ წარუდგინა.
ელისაშვილის განმარტებით, აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით მას 2-3 კითხვა დაუსვეს.
"პროკურატურისთვის უკვე ნათელია, რომ ეკა ბესელია ცრუობს და პატიმარი არ დამკავშირებია. იმდენად უხერხულ მდგომარეობაში არიან ამ პატიმრის წერილის გამო, რომ მხოლოდ ორი-სამი კითხვა დამისვეს. მკითხეს, იცნობო? - მე ვუთხარი, არამეთქი. კარგიო, ბოდიშიო და მეტი კითხვა აღარც დაუსვამთ. მე "დავგუგლე" ამ პატიმრის სახელი და გვარი და აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი არის ყაჩაღობისთვის ბრალდებული. მისი ადვოკატი ჩემთან არასოდეს მოსულა და არაფერი შემოუთავაზებია. თავად ადვოკატიც კი ადასტურებს ამას, რომ ჩემთვის არაფერი აქვს შემოთავაზებული. მე მასთან კომუნიკაცია არ მქონია. იმდენად უხერხულ დღეშია გამოძიება, რომ მხოლოდ ორი კითხვა დამისვეს და გამომიშვეს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
საქმე ეხება პატიმრის წერილს, რომელიც ეკა ბესელიამ პროკურატურას წარუდგინა და რომელშიც საუბარია, რომ ალეკო ელისაშვილი შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის დროს, შეწყალების სანაცვლოდ მის ადვოკატს 50 ათას ლარს სთხოვდა.