საქართველოს პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე ძალოვანი უწყებები და ქვეყნის პირველი პირები აქტიურად მუშაობენ.
საქართველოს პირველი პირის თქმით, ქართულმა საზოგადოებამ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებას, ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს, არამხოლოდ კრიმინალის გახსნით, არამედ, აღნიშნული ფაქტების დაგმობით.
„დილიდან აქტიურად ვარ ჩართული ამ თემის განხილვაში პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან და ძალოვან უწყებებთან. მინდა, დაგარწმუნოთ ყველა, რომ მთელი სახელმწიფო სისტემა ყველა რესურსით მობილიზებულია და კოორდინირებულად მუშაობს. ეფექტი ნამდვილად იქნება, მაგრამ იმასაც მინდა გავუსვა ხაზი, რომ რა თქმა უნდა, შეიძლება, ძალიან მალე გაიხსნას კონკტერული დანაშაული, მაგრამ საზოგადოებამ თუ არ ვაჯობეთ და არ გადავაბიჯეთ იმას რომ, ვიღაც ფიქრობს ამით ჩვენს მოქალაქეებს დააშანტაჟებს, რომ ამით პოლიტიკურ ცხოვრებაზე მოახდენს გავლენას, რომ ეს შესაძლოა, ჩვენ გვაინტერესებდეს, რომ მათსავით ავადმყოფი ფსიქიკა გვაქვს და შეიძლება ამაში ჩავერთოთ, ამას ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი, მთელმა ქართულმა საზოგადოებამ და არამარტო კრიმინალის გახსნით, არამედ, ღიად ამ ყველაფრის დაგმობით და ამის წინააღმდეგ ნაბიჯის გადადგმით“,-აღნიშნა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით, ქართულმა საზოგადოებამ ბრძოლა უნდა მოიგოს არამხოლოდ კრიმინალთამ, არამედ, კრიმინალურ მენტალიტეტთან და აზროვნებასთანაც.
"დღეს, საზოგადოების წარმომადგენლებს ვხვდები, რათა ერთად ვიფიქროთ რანაირად მოვიგოთ არამხოლოდ ბრძოლა კრიმინალთან, არამედ, ბრძოლა ამ კრიმინალურ მენტალიტეტთან, აზროვნებასთან, რომელიც რომელიღაც ადამიანების თავში არის და ჰგონიათ, რომ ქართულ საზოგადოებაზე მოახდენენ გავლენას. აბსოლუტურ გარანტიას გაძლევთ, რომ ეს ბრძოლა იქნება მოგებული და ის ნაძირალები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი თავისუფალი სააზოგადოების დაშანტაჟებას, იქნებიან დამარცხებული და სამაგალითოდ დასჯილები",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.