დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებიდან მოდის

დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებიდან მოდის

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი პავლე კუბლაშვილი დარწმუნებულია, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გამავრცელებელს მიზნად აქვს დასახული ქვეყანაში სიტუაციის არევა, დესტაბილიზაცია და ვითარების სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიყვანა.

"ამის მცდელობები წინა წლებშიც არაერთხელ იყო, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად სხვა რაღაცეებს იყენებდნენ. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებიდან მოდის. აქედან გამომდინარე, ყველა პოლიტიკური ძალა უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, რომ არ აღმოვჩნდეთ იარაღად ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ხელში", - განუცხადა ჟურნალისტებს პავლე კუბლაშვილმა.

დეპუტატის თქმით, უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც ვალდებულია, "უმოკლეს ვადაში გახსნას დანაშაული და კადრების გამავრცელებელი პირები გამოავლინოს".

ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო ვრცელდება. კადრებში პირების სახეები დაფარულია. ვიდეოს თან ახლავს ტექსტი, რომელშიც მასალის ავტორი მოქმედ პოლიტიკოსებს მუქარის შემცველი მესიჯით მიმართავს და მოუწოდებს, პოლიტიკიდან წავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ შესახებ მსგავსი ტიპის ჩანაწერების გავრცელებას გააგრძელებს.

"წადით პოლიტიკიდან და არ დაიდება კადრები, თუ არადა და იხილავთ შემდეგ სერიებს", - იმუქრება ვიდეოს ავტორი.