ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება იმის ინტერესებშია, ვისაც არ აწყობს ქვეყანაში სტაბილურობა

ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება იმის ინტერესებშია, ვისაც არ აწყობს ქვეყანაში სტაბილურობა

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება იმის პოლიტიკურ ინტერესებშია, ვისი პოლიტიკური მრწამსიც ამ მეთოდებით ქვეყნის მართვა იყო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, ვინც მომხდარს საღი თვალით შეხედავს, დაინახავს, რომ ის ვინც, ამ პროცესით ზიანდება, არის ხელისუფლება.

"აღნიშნული ჩანაწერების გამოქვეყნება იმის ინტერესებშია, ვისაც არ აწყობს ქვეყანაში სტაბილურობა, ვისაც არ აწყობს არჩევნებამდე მშვიდად მივიდეთ და მოსახლეობას თავისუფალი არჩევანის საშუალება ჰქონდეს. კადრების გამოქვეყნება არის იმის პოლიტიკურ ინტერესებში, ვისი პოლიტიკური მრწამსი ამ მეთოდებით ქვეყნის მართვა იყო. ეს ასევე შედის საერთო მტრის ინტერესებში. თუკი ვინმე ზიანდება, ზიანდება ხელისუფლება", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ირაკლი სესიაშვილმა.

დეპუტატის თქმით, საზოგადოება ახლა მთლიანად კონსოლიდირებული უნდა იყოს იქეთკენ, რომ არ მოხდეს ფარულ ჩანაწერებში ასახული პირების იდენტიფიცირება.

"თუმცა საზოგადოებას კარგად ახსოვს, რა დროს კეთდებოდა ასეთი ჩანაწერები, რა მიზნით და რა მასშტაბები ჰქონდა მას – ეს იყო სისტემური დანაშაული", - აღნიშნა სესიაშვილმა.