თსუ-ს თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტ პაატა ბახტურიძის თქმით, მათ პოზიციის დაფიქსირების საშუალებას უნივერსიტეტის ეზოში არ აძლევენ, ამიტომ, შენობის შიგნით გადმოინაცვლეს.
მისი თქმით, ეზოში სიტყვით გამოსვლისას, სტუდენტებმა მას მიკროფონი დაუმტვრიეს.
„არ გვეძლევა საშუალება, რომ სიტყვით გამოვიდეთ. შესაბამისად, რომ არ მომხდარიყო დაპირისპირება, გამოვეცალეთ მათ, ვინც პროვოკაციებს მართავდა. შენობის შიგნით გავმართავთ აქციას. იმედია, გონს მოეგებიან და არ შემოვლენ შიგნით. რაც შეეხება რექტორს, ის წლების მანძილზე მალავდა "ოდეერს", ისე, რომ არაფერი ვიცოდით. დაპირისპირება მხარეებს შეორის გამოიწვია იმან, რომ რექტორმა საკითარი კანდიდატურის გაყვანა ვერ მოახერხა კანცლერის კანდიდატად“, - განაცხადა პაატა ბახტურიძემ.
თვითმმართველობის წევრები მხარდამჭერებთან ერთად მართავენ შენობის შიგნით აქციას. ადგილზე მობილიზებულია დაცვის სამსახური. შენობაში კორიდორია გაკეთებული. თვითმმართველობის წევრები მხარდამჭერებთან ერთად კორიდორის ერთ მხარეს იმყოფებიან, ხოლო მეორე მხარეს არიან ის სტუდენტები, რომლების 5 დღეა, საპროტესტო აქციებს მართავენ.
სტუდენტების მოთხოვნა უცვლელია - უშიშროების ტანამშრომლებმა დატოვონ საუნივერსიტეტო სივრცე, გაუქმდეს სტუდენტობის თვითმმართველობის პრივილეგიები, ასევე, უნივერსიტეტის რექტორისა და კანცლერის არჩევის პროცესში მოხდეს სტუდენტებისა და ლექტორების მაქსიმალური ჩართულობა და კანცლერის ტანამდებობაზე წარდგენილმა გიორგი გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნას.