ეჭვი არ არის რომ, რუსეთის თავდასხმას საქართველოზე წინ უძღოდა ქვეყნის შიგნით საბოტაჟი

ეჭვი არ არის რომ, რუსეთის თავდასხმას საქართველოზე წინ უძღოდა ქვეყნის შიგნით საბოტაჟი

ეჭვი არ არის რომ, რუსეთის თავდასხმას საქართველოზე თავდაპირველად წინ უძღოდა საქართველოს შიგნით, შიდა საბოტაჟი, - ამის შესახებ "როიტერთან" ინტერვიუში, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ანტონი მაცერევიჩმა განაცხადა.

მან საქართველოს მაგალითი 2010 წელს მომხდარ ავიაკატასტროფაში პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის დაღუპვის შესახებ საუბრისას მოიყვანა. მისი თქმით, მას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ის, რაც სმოლენსკში მოხდა, მიზნად ისახავდა პოლონეთის იმ მთავრობის გადაყენებას, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა არ დააკონკრეტა, თუ ვის ადანაშაულებდა იგი მომხდარ კატასტროფაში, თუმცა, ამ საკითხზე საუბარი რუსეთის ქმედებებზე მსჯელობისას დაიწყო.

"სმოლენსკის ავიაკატასტროფის შემდეგ, შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ ვიყავით ტერორიზმის პირველი უდიდესი მსხვერპლი იმ თანამედროვე კონფლიქტებში, რაც ჩვენს თვალწინ ხდება", - აღნიშნა ანტონი მაცერევიჩმა.

ავიაკატასტროფა, რომელსაც პოლონეთის პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკი შეეწირა, 2010 წელს რუსეთის ტერიტორიაზე მოხდა. თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა პრეზიდენტის მეუღლე და კიდევ ათობით ადამიანი. კატასტროფის შედეგად სულ 96 ადამიანი დაიღუპა.