შპს "ტელეკომპანია მაესტროს" მაუწყებლობის დაწყებასთან დაკავშირებით დღეს შეხვედრა გაიმართება. "მაესტროს" შენობაში დღის განმავლობაში ამ საკითხზე არხის ყოფილი დირექტორი ბაია გადაბაძე და ერთ-ერთი მეწილე მამუკა ღლონტი იმსჯელებენ.
არსებული ინფორმაციით, მამუკა ღლონტი ტელეკომპანიაში 14:00 საათზე მივა.
როგორც ბაია გადაბაძემ აღნიშნა, მათთვის მამუკა ღლონტის დაბრუნება მორალურად ძალიან მნიშვნელოვანია.
"ძალიან მნიშვნელოვანი და ყველა ჩვენგანისთვის მორალურად ბევრის მთქმელია მისი დაბრუნება, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ ვიცით, როგორ აღარ უნდა ეს საქმიანობა. გავიგებთ მის მოსაზრებას, გავაცნობთ ჩვენსას. მამუკა ჩვენს ტელევიზიაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. მოვისმენთ მის აზრს და საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით იმიტომ, რომ ამ ეპისტოლეებით მიმართვა-მომართვამ, ძალიან ცუდი ფორმები მიიღო", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.