"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება გარკვეული თანხის სანაცვლოდ, უკრაინაში სპეციალურად მომზადებულ ჯგუფებს აგზავნის, რათა მათ ადგილზე დესტაბილიზაცია მოახდინონ, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.
ეკა ხერხეულიძე გუშინ "რუსთავი 2"-ის ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, სადაც მისი თქმით, "ყველასთვის გასაგებად იყო გაშუქებული "ქართული ოცნების" კიდევ ერთი მავნებლობა".
"რუსული სპეცსამსახურების დაკვეთით ივანიშვილის რეჟიმი ახდენს დაქირავებული ორგანიზებული ჯგუფების რეკრუტირებას და ანაზღაურების სანაცვლოდ უკრაინაში, კერძოდ, ოდესაში აგზავნის ადამიანებს, რომლებთაც ევალებათ აქციების მოწყობა და რუსულ ტელეარხების თოქშოუებში მონაწილეობა ოდესის გუბერნატორის წინააღმდეგ. საქართველოს ხელისუფლება არაერთგზისაა შემჩნეული რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში, რაც გამოიხატება მათი მხრიდან რუსი ჯაშუშების გათავისუფლებაში და თუნდაც ქართველი ხალხის ზურგს უკან "გაზპრომთან" მოლაპარაკებაში", - განაცხადა ხერხეულიძემ.
მისივე თქმით, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის პატრიოტები ფრონტის ხაზზე იცავენ უკრაინის საზღვრებს, ხოლო მეორე ნაწილი აქტიურად მუშაობს რეფორმების გატარებაზე, ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის შელახვას და თანამშრომლობს არა უკრაინული ხალხის ინტერესების დამცველ ხალხთან, არამედ ორივე ქვეყნის ოკუპანტთან.
"რუსული პროექტის განხორციელებას სათავეში უდგას ადამიანი, რომელიც ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. ესაა ადამიანი, რომელიც ბარბარე რაფალიანცის საქმესთან დაკავშირებით მუშაობდა "ქართულ ოცნებასთან" და ფაქტების ფალსიფიკაციას ახდენდა. შემდეგ კი, სწორედ ამ დამსახურებისთვის ეს ადამიანი შსს-ს გენინსპექციაში მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს. მასთან ერთად დაინიშნა ვარლამ ხათრიძეც, რაც კითხვებს აჩენს - რა დამსახურებისთვის მოხვდა ის ამ თანამდებობაზე", - განაცხადა ხერხეულიძემ.
როგორც ეკა ხერხეულიძემ აღნიშნა, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ქვეყანაში არსებული კრიზისის დაძლევაზე ზრუნავდეს, ისინი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ახორციელებენ და რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ.