არავინ მოვიტყუოთ თავი, რომ საქართველოს ხელისუფლება ტექნიკურად შეძლებს ჩაკეტოს და აბსოლუტურად დაგვაზღვიოს ინფორმაციის გავრცელებისგან, - ასე ეხმაურება დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის გამოქვეყნების მორიგ ფაქტს.
ქუცნაშვილის თქმით, ერთადერთი, რაც საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია, არის კანონის დარღვევაზე ეფექტური რეაგირება და ისიც იმ შემთხვევაში, თუკი ვიდეოს ატვირთვა საქართველოში მოხდა.
ამასთან, ქუცნაშვილის გამოთქვამს ეჭვს, რომ აღნიშნული ჩანაწერები სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდეა გადაღებული, რადგან, მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს ამ თემით დაინტერესებული სპეციალური სამსახურები მოქმედებდნენ.
"თანამედროვე ციფრულ სამყაროში საინფორმაციო არხების კონტროლი საკმაოდ რთულია. სადამ ჰუსეინი რომ სადამ ჰუსეინია, მან ვერ შეძლო ერაყის საინფორმაციო სივრცე თავიდან ბოლომდე ჩაეკეტა არასასურველი ინფორმაციისაგან. თქვენ წარმოიდგინეთ, რა ცენზურითა და ინსტრუმენტებით იყო შეიარაღებული ეს დიქტატორი თავის ქვეყანაში. პუტინი რომ პუტინია, მას უჭირს რუსეთში საინფორმაციო სივრცის ჩაკეტვა. სოციალური ქსელები და ინტერნეტი ამის ძალიან კარგი საშუალებაა. შეგახსენებთ ცნობილ კამპანიას, რაც "ვიკილიქსმა" აწარმოა – ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებმაც კი ვერ შესძლო აღეკვეთა ის, რასაც "ვიკილიქსი" აკეთებდა, როცა სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაცია სამზეოზე გამოჰქონდა", - აცხადებს ქუცნაშვილი.
დეპუტატი თქმით, გამოსავალი მხოლოდ ამტვირთველების მხილებასა და დასჯადშია, რაც ბევრად ადვილია, თუ ატვირთვა საქართველოში მოხდა და ბევრად რთულია – თუკი ჩანაწერები უცხოეთიდან ვრცელდება.