მე დარწმუნებული ვარ, რომ ორივე ჯგუფის წარმომადგენლებს უნივერსიტეტი უყვართ და თვითონ არ დაუშვებენ რაიმე პროვოკაციას, - ამის შესახებ უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ განაცხადა.
იგი ორივე მხარის წარმომადგენლებს შეხვდა.
მისივე თქმით, უნივერსიტეტში სიტუაციის გამწვავება უნდა გამოირიცხოს.
"შევხვდი ერთ ჯგუფს, დაველაპარაკე მეორე ჯგუფს, ისინი უნდა იყვნენ თავშეკავებულები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ორივე ჯგუფის წარმომადგენლებს უყვართ უნივერსიტეტი და თვითონვე არ დაუშვებენ რაიმე პროვოკაციას. ჩვენი მხრიდან უნივერსიტეტის დაცვა მაქსიმალურად მობილიზებულია. ვფიქრობ, რაც უნივერსიტეტში არის, აზრის თავისუფალი გამოხატვა, ეს არის ნორმალური პროცესი, მაგრამ ეს არ უნდა იწვევდეს ისეთ ესკალაციას, რომ გადაიზარდოს მავნე მოვლენაში, რომელიც უნივერსიტეტს დიდ ზიანს მიაყენებს. უნივერსიტეტი არ უნდა ამოვარდეს სამართლებრივი ჩარჩოებიდან", - განაცხადა ლადო პაპავამ.
მისივე განმარტებით, თუ გიორგი გაფრინდაშვილი აკადემიური საბჭოს შეხვედრის შემდეგ არ მოხსნის კანდიდატურას, მაშინ "უნივერსიტეტს ერთადერთი გზა, რაც დარჩენია, არის ის, არ ამოვარდეს ლეგიტიმური ჩარჩოდან, ეს არის სენატის სხდომის ჩატარება".
თსუ-ში სტუდენტების ორი აქცია მიმდინარეობს. უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატის გიორგი გაფრინდაშვილის მოწინააღმდეგეები სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეებზე შეიკრიბნენ, ხოლო უნივერსიტეტის თვითმმართველობის და გიორგი გაფრინდაშვილის მხარდამჭერები - უნივერსიტეტის ეზოში.