"თავისუფალ დემოკრატებს" კიდევ ერთი ახალი წევრი ჰყავს

პარტია "თავისუფალ დემოკრატებს"კიდევ ერთი ახალი წევრი ჰყავს. პარტიის რიგებს ვახტანგ მჭედლიძე შეუერთდა. მჭედლიძე საზოგადოებას დღეს თავად "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წარუდგინა.

ალასანიამ ვახტანგ მჭედლიძეს ძლიერი კადრი უწოდა და აღნიშნა, რომ იგი გამორჩეულია საქმეში წარმატებით, ასევე არის გამორჩეული ბიზნესმენი, აქვს სოლიდური სპორტული წარსული - იყო რაგბის ნაკრების წევრი.

"ჩვენს პარტიაში მისი შემომატება არის გაძლიერების კიდევ ერთი ნიშანი", - აღნიშნა ალასანიამ და დასძინა, რომ ვახტანგ მჭედლიძე "თავისუფალი დემოკრატების" პოლიტიკური ლიდერი ლაგოდეხში იქნება.

"მე დარწმუნებული ვარ, მასთან ერთად "თავისუფალი დემოკრატები" 2016 წლის არჩევნებში გავიმარჯვებთ. ლაგოდეხს აქვს ძალიან დიდი განუვითარებელი პოტენციალი. "თავისუფალი დემოკრატები" ვახტანგთან ერთად ვაპირებთ ამ პოტენციალის ამოქმედებას. ამ რესურსის კუთხე არ უნდა იყოს ისეთ გაჭირვებაში, როგორშიც დღეს არის", - განაცხადა ალასანიამ.

თავის მხრივ, ვახტანგ მჭედლიძემ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს მადლობა გადაუხადა და განმარტა, რომ აღნიშნული პარტიის წევრობა მისთვის დიდი პატივია.

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიყო "თავისუფალი დემოკრატი" და ვიშრომო ისეთ ხალხთან ერთად, რომლებმაც არაერთი წარმატება მოუტანეს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე და ქვეყნის შიგნით. ჩემს მთელ რესურსს, ენერგიას, ძალ-ღონეს არ დავიშურებ იმისთვის, რომ გუნდი იყოს უფრო წარმატებული და, რა თქმა უნდა, გამარჯვებული", - განაცხადა მჭედლიძემ.

როგორც ცნობილია, "თავისუფალი დემოკრატების" რიგებს რამდენიმე დღის წინ ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილიც შეუერთდა.