ჯონ მაკკეინი: საქართველო ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო გეგმას იმსახურებს

ჯონ მაკკეინი: საქართველო ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო გეგმას იმსახურებს

ამერიკის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ მაკკეინი საქართველოსთვის ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო გზის შეთავაზების აუცილებლობაზე მიუთითებს.

ამის შესახებ მაკკეინი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში საუბრობს.

"ამაყი ვიყავი, როდესაც საქართველომ საბჭოთა კავშირისაგან დამოუკიდებლობას მიაღწია. ახლა, იქაური პოლიტიკური ვითარება მაღელვებს. ვიმედოვნებ, მომავალი არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩაივლის. ჩემი აზრით, ყველაზე სამარცხვინო ის არის, რომ ახლა, ნაკლებად თუ ადარდებს ვინმეს საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია. ყოველთვის, როცა დასავლეთი ყურადღებას ასუსტებს, რუსეთი საზღვრის ხაზს სწევს. მიმაჩნია, რომ საქართველო იმსახურებს ნატო-ში გაწევრიანებას. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ქართველებს, ალიანსთან მიერთების უფრო მკაფიო გზას შევთავაზებდი. ამ პოლიტიკას, შესაძლოა, არ იზიარებდეს ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია, მაგრამ საქართველო და მისი ჯარი ავღანეთში გვერდში დაგვიდგა. ვიცი, რომ საქართველო თვითონაც ამაყობს ამ კონტრიბუციითა და მისი ჯარისკაცების სიმამაცით".