"ამ საშინელების პირისპირ თქვენ მარტო არ ხართ, თქვენს გვერდით გვიგულეთ!"

ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე თურქეთის მოსახლეობას და ხელისუფლებას, ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო, უსამძიმრებს.

კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მხარში დაუდგება თურქეთს ბოროტების დაძლევაში.

"ჩვენს გვერდით, თურქეთში საშინელი ტრაგედია მოხდა. ანკარა ტერორისტული თავდასხმის სამიზნე გახდა. დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა, არის ბევრი დაჭრილი და დაშავებული. მივმართავ თურქეთის მოსახლეობას, ხელისუფლებას - ამ საშინელების პირისპირ თქვენ მარტო არ ხართ, თქვენს გვერდით გვიგულეთ! გისამძიმრებთ, გითანაგრძნობთ და ყოველთვის მხარში დაგიდგებით ბოროტების დაძლევაში", - აღნიშნულია ვიცე-პრემიერის განცხადებაში, რომელიც "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

ტერაქტს ანკარაში 34 ადამიანი ემსხვერპლა. 125 დაშავებული ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, მათგან 19 კრიტიკულ მდგომარეობაშია. ანკარის ცენტრში, ავტობუსების სადგურზე დანაღმული ავტომობილი გუშინ საღამოს აფეთქდა.