"საქართველოს პრეზიდენტი ყურადღებით აკვირდება პროცესებს"

პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდრავა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდნენ.

შეხვედრა სოფელ ჯარიაშენთან მიმდინარე პროცესების განხილვას შეეხო. პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ინფორმაცია სოფელ ჯარიაშენთან არსებული ვითარების შესახებ უშუალოდ EUMM-ის ხელმძღვანელისგან მოისმინეს.

თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი უდიდეს ყურადღებას აქცევს ოკუპირებულ ტერიტორიებს და ოკუპაციის ხაზის გასწვრივ მიმდინარე პროცესებს.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხორციელდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე არის უკანონო და დაუშვებელი.

საქართველოს პრეზიდენტი ყურადღებით აკვირდება პროცესებს და ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შემნილ  ვითარებაზე და ამ  ქმედებებსაც მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, -  განაცხადა პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა.