ალეკო ელისაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება

ალეკო ელისაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება

თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. საგამოძიებო უწყებაში ელისაშვილი ადვოკატთან თამარ ავალიანთან ერთად მივიდა. როგორც პროკურატურაში შესვლამდე ელისაშვილმა განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია "ყველა საძაგელ ხერხს მიმართავს", რომ მას ჩრდილი მიაყენოს.

"ეკა ბესელია ყველანაირ საძაგელ ხერხს მიმართავს, რომ როგორღაც მე რაღაც ჩრდილი მომაყენოს. ციხეში მყოფ გამოკეტილ ადამიანს, რომელიც აშკარად ვერაფერში ერკვევა, აწერინებ წერილს და აფრიალებ, რომ ეს თითოქოს რაღაც მტკიცებულებაა, ეს არის ძალიან ცუდი ხერხებით და მეთოდებით ბრძოლა. მე მომდიოდა ათობით წერილი, რომ ბესელია კორუმპირებულია, ახლაც მომივიდა საკრებულოში ერთი წერილი და მასში ბესელიას ახსენებენ", - განაცხადა ელისაშვილმა.

როგორც ადვოკატმა თამარ ავალიანმა აღნიშნა, ეკა ბესელიას მიერ პატიმრის წერილის გადაგზავნა მთავარ პროკურატურაში, ყურადღების გადატანის მცდელობაა იმ ბრალდებებიდან, რომელიც ალეკო ელისაშვილმა ბესელიას მიმართულებით გამოთქვა.

ელისაშვილის თქმით, მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე უკვე 4 თვეა არაეფექტურად და მიკერძოებულად მიმდინარეობს გამოძიება.

"ჩვენ გამოვხატავთ ეჭვს, რომ სახელმწიფო კონკრეტული პატიმრის გამოყენებას ცდილობს", - აცხადებს ავალიანი.

ალეკო ელისაშვილის პროკურატურაში დაბარება დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხება, რომლის თანახმადაც, ბესელიამ წარადგინა პატიმრის წერილი, სადაც ელისაშვილი კორუფციაშია დადანაშაულებული.