ზოგი ისეთი ადამიანი უკითხავს "ინტერპრესნიუსს" მორალს, რომელიც მთელი თავისი ჟურნალისტური მოღვაწეობის განმავლობაში საშინელი სიბინძურეებითაა დაკავებული, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გაზეთ "რეზონანსთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, რაც ხდება, ეს ფსევდო მორალიზმი მისთვის ძალიან მიუღებელია.
"საქართველოში ამ ფსევდო მორალიზმმა ისე მოიკიდა ფეხი, რომ ამის ყურება აუტანელია. როგორც მითხრეს, ეს ვიდეო "ფეისბუქში" უკვე გავრცელდა და ვისაც ნახვა უნდოდა, ნახა. საგენტოზე ინფორმაციის გაშვებას რაღაც კატასტროფა არ გამოუწვევია.
გასაგებია, რომ სააგენტომ შეცდომა დაუშვა, მაგრამ ბოდიში მოიხადა. გამოშვებაზე პასუხისმგებელი პირი გაათავისუფლეს. საკმარისი არ არის? ზოგი ისეთი ადამიანი უკითხავს "ინტერპრესნიუსს" მორალს, რომელიც მთელი თავისი ჟურნალისტური მოღვაწეობის განმავლობაში საშინელი სიბინძურეებითაა დაკავებული. ძალიან მძიმე საყურებელია.
ეს შესევა უფრო შური და ბოღმაა და სხვა არაფერი, იმიტომ, რომ "ინტერპრესნიუსს" ვერც ერთი სხვა მედიასაშუალება ინფორმაციის დისტრიბუციაში ვერ უწევდა რეალურ კონკურენციას და ყვავ-ყორნებივით შეესივნენ", - განაცხადა ექსპერტმა.
გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ თავდაცვის და იუსტიციის მინისტრების მხრიდან ბოიკოტირება ფსევო მორალიზმი და ფსევდო სოლიდარობა იყო.
"რა ბოღმა ჰქონდათ ამ სააგენტოს მიმართ, ამის იდენტიფიცირება მიჭირს. ფაქტია, რომ წმინდა სუბიექტური მიზეზებით აკეთებენ ამას", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.