სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის განცხადებით, დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი, წარმოშობით პანკისელი ტერორისტი აბუ ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იმყოფება.
მათივე ინფორმაციით, ის ამერიკის მიერ განხორციელებული დაბომბვების შედეგად მძიმედ დაიჭრა და უკვე რამდენიმე დღეა, კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაშია.
სააგენტო "ფრანსპრესი" კი ორგანიზაციის ლიდერ რამი აბდელ რაჰმანზე დაყრდნობით იუწყება, რომ შიშანს დამოუკიდებლად სუნთქვა არ შეუძლია და ფილტვების ვენტილაციის აპარატზეა მიერთებული. მისივე თქმით, წარმოშობით პანკისელი სირიაში, რაქას საავადმყოფოში იმყოფება.
9 მარტს პენტაგონის წარმომადგენლებმა შიშანის გარდაცვალების შესახებ განაცხადეს. მათი თქმით, შიშანი 4 მარტს ამერიკული ავიადარტყმების შედეგად სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაიღუპა.
შიშანი "ისლამური სახელმწიფოს" იმ ლიდერთა სიაშია, რომლებიც აშშ-ს მიერ იძებნენიან. მათ შესახებ ინფორმაციისთვის 5 მილიონი აშშ დოლარია დაწესებული.