ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს, 12:00 საათისთვის უნივერსიტეტში საპროტესტო აქციას გამართავენ.
სტუდენტების მოთხოვნა უცვლელია - უშიშროების თანამშრომლებმა დატოვონ საუნივერსიტეტო სივრცე, გაუქმდეს სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიები; ასევე, უნივერსიტეტის რექტორისა და კანცლერის არჩევის პროცესში მოხდეს სტუდენტებისა და ლექტორების მაქსიმალური ჩართულობა და კანცლერის თანამდებობაზე წარდგენილმა გიორგი გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნას.
როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის მონაწილე ერთ-ერთმა სტუდენტმა თემურ ჩაიძემ განუცხადა, ორშაბათს მოხდება კანცლერის პოზიციაზე წარდგენილი გიორგი გაფრინდაშვილის შეხვედრა აკადემიურ საბჭოსთან, რის შემდეგაც გახდება ცნობილი დარჩება თუ არა გაფრინდაშვილის კანდიდატურა წარდგენილ პოზიციაზე. თემურ ჩაიძის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, მოიხსნება თუ არა გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურა, სტუდენტების აქციები მათი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება.