ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ირწმუნება, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეს, საგამოძიებო უწყება აქტიურად იძიებს.
ნინო ჯღარკავა გუშინ, ჟურნალისტ მაკა ზამბახიძესთან ერთად, მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა, რადგან აღნიშნული ვიდეომასალა პირველებს მათ გაუგზავნეს.
"პროკურატურას მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდე, მივეცი საშუალება "ფეისბუქის" პირადი გვერდი დეტალურად დაეთვალიერებინათ. თავის მხრივ, საგამოძიებო ორგანო მაქსიმუმს აკეთებს, რომ გამოძიება დროულად დასრულდეს, ამაში გუშინ დავრწმუნდი. ნამდვილდ სწრაფი რეაგირება ჰქონდათ ძალოვანებს და ძალიან მინდა ეს საქმე მალე გაიხსნას, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ამ სიბინძურის ტირაჟირება",- განუცხადა "პირWელს" ნინო ჯღარკავამ.
ამასთან, ჟურნალისტისთვის გაუგებარი იყო "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერ ირაკლი ალასანიას გუშინდელი განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ ძალოვანი უწყებები დავალებებს ბიძინა ივანიშვილისგან იღებენ.
"მაშინ როდესაც საგამოძიებო ორგანო ყველაფერს აკეთებს, რათა საქმე დროულად გაიხსნას, (ამის ნათელი მაგალითი იყო ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის ფაქტი) არ შეიძლება პოლიტიკის გამო ყველაფერი იკადრო. ალასანიამ ძალიან კარგად იცი, ვინ იღებდა ამ კადრებს და ვინ არის მისი გამავრცელებელი. ამასთან, საზოგადოება და მედია ერთსულოვანი იყო, მაქსიმალური გავაკეთეთ, რომ ამ კადრების ტირაჟირება არ მომხდარიყო",- აღნიშნა ჟურნალისტმა.
ნინო ჯღარკავა მამუკა არეშიძის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ძებნაში მყოფ შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსა მეგის ქარდავას, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები თან აქვს წაღებული.
ჟურნალისტი აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს და აქვე ვარაუდობს, რომ შესაძლოა, მეგის ქარდავამ ამ კადრებით შანტაჟი გააგრძელოს.
"ჩემთვის დიდი ხანია ცნობილია, რომ მეგის ქარდავას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები თან აქვს წაღებული. გამორიცხული არ არის, რომ კიდევ მოხდეს მსგავსი კადრების გავრცელება, საკმაოდ მძიმე წელი გველოდება წინ. მეგის ქარდავას თანაგუნდელების შესახებ ვიდეომასალებიც აქვს, ასვე ჟურნალისტების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. არჩევნების შემდეგ როდესაც ისინი გარბოდნენ, ტელეფონიდან ტელეფონში იწერებოდა ეს მასალები. მე პირადად ნანახი არ მაქვს, მაგრამ ძალიან ბევრმა მითხრა, რომლებსაც საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი. მეგის ქარდავას ახლა თავისი თანაგუნდელების უფრო ეშინია, რომ მისი ლიკვიდაცია არ მოახდინონ, ვიდრე ამ ხელისუფლების. ის მაქსიმალურად ეცდება, რომ კადრებით შანტაჟი გააგრძელოს",- განუცხადა "პირWელს" ნინო ჯღარკავამ.
ჟურნალისტს მიაჩნია, რომ უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც ეს კადრები გადაიღო და შემდეგ გაავრცელა.
მჯერა, რომ ხელისუფლება საქმის დროულად გამოსაძიებლად ყველაფერს გააკეთებს. ამის ნათელი მაგალითია პრემიერ-მინისტრის ის მკაცრი განცხადება, რომელიც მან ორი დღის წინ გააკეთა. როდესაც საგამოძიებო უწყებები საქმეს თავს კარგად ართმევენ, ეს უნდა დავაფასოთ და აღვნიშნოთ, მათაც მოსწონთ შექება. მჯერა ამ საქმეს მალე გამოიძიებენ და დამნაშავეებს უმკაცრესად დაისჯებიან",- აღნიშნა ნინო ჯღარკავამ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 11 მარტს, ინტერნეტ სივრცეში განთავსებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო მასალსთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.