სოციალუ ქსელში 2013 წელს მომზადებული "მეცხრე არხის" სიუჟეტი ვრცელდება, სადაც მეგის ქარდავას ადვოკატი ადასტურებს ინფორმაციას, რომ შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები აქვს.
სიუჟეტის თანახმად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოდან გაუჩინარებული მეგის ქარდავა ბაჩო ახალაიას გათავისუფლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მაკომპრომეტირებელი მასალების გამოქვეყნებას აპირებს. ცნობას იმის შესახებ, რომ ძებნილ ექს-სამხედრო მაღალჩინოსანს ქვეყნიდან ნამდვილად აქვს გატანილი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები, ქარადვას ადვოკატიც ადასტურებს.
"მეგის ქარდავა ის ადამიანია, თუ ამბობს, რომ მას კადრები აქვს და გაავრცელებს, დამერწმუნეთ, ისეთი ადამიანია, მას ნამდვილად ექნება ეს კადრები და გაავრცელებს",- აღნიშნავს სიუჟეტში მეგის ქარდავას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი.
"პირWელი" დაუკავშირდა მეგის ქარდავას ადვოკატს, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ თავის დროზე "მეცხრე არხმა" მისი კომენტარი ცუდად მოჭრა და დაამონტაჟა.
"მე მაშინვე არ ვადასტურებდი ამ ინფორმაციას. "მეცხრე არხმა" მაშინ დაამონტაჟა და ისე გაუშვა ჩემი კომენტარი. მე მეორე დღეს, მეგის ქარდავას კომენტარიც გავავრცელე, რომ კადრებთან არანიარი შეხება არ ჰქონდა. ჟურნალისტმა დამისვა კითხვა, ამ კადრებთან შეხება აქვს თუ არაო და მე უბრალოდ გავიმეორე ის განცხადება, რომელიც მეგის ქარდავას სახელით იყო გავრცელებული. თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ აღნიშნული განცხადება, სადაც მეგის ქარდავა კადრებით შანტაჟზე საუბრობდა, მას არ ეკუთვნოდა. მე სიუჟეტში ვამბობ, რომ მეგის ქარდავამ თუ რამე თქვა, ის ამას აუცილებლად გააკეთებსთქო. მაშინვე ვთქვი, რომ მე მეგის ქარდავასთან კონტაქტი არ მქონია. იქ საუბარი ეხებოდა ერთ კონკრეტულ საქმეში არსებულ კადრებს, რომელ საქმეზეც მეგის ქარდავას ბრალიც არ აქვს წაყენებული. მე ახლაც, ყველა საქმეში, მეგის ქარდავას ინტერესებს ვიცავ, თუმცა ახლაც არ ვეკონტაქტები მას. თავის დროზე თუ თქვა, რომ კადრებთან შეხება არ ჰქონია, ახლაც ალბათ იგივე პოზიციაზე იქნება",- აღნიშნა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
ამასთან, როგორც "პირWელთან" საუბარში ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ განაცხადა, მას აქვს ინფორმაცია, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ნაწილი, მეგის ქარდავას თან აქვს წაღებული.
აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ჟურნალისტი ნინო ჟღარკავა, რომელიც ვარაუდობს, რომ მეგის ქარდავამ, შესაძლოა, ამ კადრებით შანტაში კვლავ გააგრძელოს და არ არის გამორიცხული, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები კიდევ გავრცელდეს.
შეგახსენებთ, რომ 11 მარტს, სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
https://www.youtube.com/watch?v=8DW69Ufj8bQ&app=desktop