საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ გია ვოლსკის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელების ფაქტის გამოძიება ურთულესი საქმეა, თუმცა ამის სურვილი ნამდვილად არსებობს.
გია ვოლსკის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით, გუშინ, პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე თათბირი ჩაატარა.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირწმუნება, რომ არ დარჩება არცერთი რესურსი, რომელიც მსოფლიოში არსებობს და რომელიც არ იქნება გამოყენებული.
გია ვოლსკი დავით უსუფაშვილის ინიციატივასაც გამოეხმაურა, რომის თანამხმადაც, უნდა დაწესდეს მილიონი ლარი იმ პირთათვის, ვინც გამოძიებას კონკრეტული დამნაშავის კვალზე მიიყვანს.
"თანხის შეთავაზებით შესაძლოა გარკვეული ქაოსი შეიქმნას. ვფიქრობ, ის გამოცდილება (ტექნიკური საშუალება), რაც მსოფლიოს გააჩნია, უნდა იყოს და იქნება გამოყენებული. რაც შეეხება სასჯელის თემას, იყო საუბარი, რომ მხოლოდ ამაზე არ უნდა შემოვიფარგლოთ. რასაკვირველია, მხოლოდ სასჯელით არ უნდა შემოვიფარგლოთ, მაგრამ ვფიქრობ, დანაშაული უნდა გაუტოლდეს სიცოცხლის ხელყოფისთვის გათვალისწინებულ ზომას, ეს აუცილებელია. ასევე მნიშვნელოვანია, ისიც, რომ ავთენტურობა ჯერ კიდევ დასადგენია. არის საკითხები, რომელიც აბსოლუტურად არ არის ღია. როგორც მე მითხრეს კადრები 135-მა ადამიანმა ნახა",- განაცხადა გია ვოლსკიმ ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 11 მარტს, ინტერნეტ სივრცეში განთავსებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო მასალსთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.