თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორი მაია მწარიაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. კასრების საქმესთან დაკავშირებით პასუხისგებაში უშუალოდ წამების ეპიზოდების შემსრულებლები არიან მიცემულნი.
მაია მწარიაშვილისთვის უცნობია, აღნიშნულ საქმეზე მისცეს თუ არა პასუხისგებაში მაღალი თანამდებობის პირები.
"ე.წ კასრების საქმესთან დაკავშირებით კითხვები არაერთხელ დაისვა. ამ საქმეში კონკრეტული პირები არიან პასუხისგებაში მიცემულნი, თუმცა ეს პირები არიან უშუალოდ წამების ეპიზოდების შემსრულებლები. საუბარია ყველაზე დაბალ რგოლზე, ამით დასრულდა კასრების საქმე. ამ საქმეზე სხვა რომ პასუხისგებაში მიეცათ, ვგულისხმობ ზედა ეშელონებს, ასეთი არავინ ვიცი. ერთადერთი რაც მე ვიცი, როდესაც ამ კატეგორიის დანაშაულზე საქმე მიმდინარეობდა და წარმატებით დასრულდა, ეს იყო ე.წ. სამხედრო ინსპექციის საქმე, სადაც პასუხისგებაში მიეცნენ სამხედრო ინსპექციის ხელმძღვანელობა და სხვადასხვა დეპარტამენტის უფროსები. ამ საქმის მაგალითზე ძალიან კარგად ჩანდა ამ კატეგორიის დანაშაულის სისტემურობა. ამ საქმის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ერთი და იგივე მასალის, მინიმუმ ხუთი ვერსია არსებობდა. ივარაუდებოდა, რომ ეს საქმე უნდა ასულიყო თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამდე",- აღნიშნა მაია მწარიაშვილმა "იმედის" პირდაპირ ეთერში.
რაც შეეხება ე.წ კასრების საქმეს, მაია მწარიაშვილი აცხადებს, რომ სახელმწოფოს, კონკრეტულად კი სამართალდამცავ ორგანოებს, აუცილებლად უნდა დაეწყოთ გამოძიება პირადი ცხოვრების მასობრივად ხელყოფის ფაქტზე.
თბილისის ყოფილი პროკურორი გუშინ გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ მასალასაც ეხმაურება.
მაია მწარიაშვილს უჩნდება კითხვა, ავთენტურია თუ არა გავრცელებული მასალა და არის თუ არა იმ "კოლექციიდან", რომელიც კასრებში ინახებოდა.
"ამ საქმის გახსნა იქნება ის, თუ ვინ მოიპოვა, რა მიზნებით, რა განწყობითა და მოლოდინებით მოხდა მისი გამჟღავნება და არა ის, რომ ერთ დღეს გვითხრან - რომელიღაც აიპი მისამართზე, რომელიღაც დომეინზე, ვიღაცამ განათავსა. ეს იქნება ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს",- აღნიშნა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 11 მარტს, ინტერნეტ სივრცეში განთავსებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო მასალსთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.