ციხისძირიდან ხეების გადატანა, შესაძლოა, გინესის წიგნში მოხვდეს

ციხისძირიდან ხეების გადატანა, შესაძლოა, გინესის წიგნში მოხვდეს

ჟურნალისტ გიორგი უძილაურის განცხადებით, ციხისძირიდან ასწლოვანი ხეების გადატანის პროცესი უნიკალურია, რადგან მსგავსი პრეცენდენტი მსოფლიოს არ ახსოვს.

უძილაურის თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ თითოეული ხე 650 ტონას იწონის, ხოლო სიმაღლეში 40 მეტრს აღწევს, თანაც მისი ტრანსპორტირება როგორც ხმელეთით, ისე ზღვით უნდა მოხდეს. 

"საქართველოში პირველად მოხდება გიგანტური ხის ტრანსპორტირება-გადარგვა ციხისძირიდან ურეკის მიმართულებით. ხე-ტიტა (ლირიოდენდრონი) 650 ტონას იწონის და სიმაღლეში 40 მეტრს აღწევს. სამუშაოებმა ხის ტრანსპორტირებისთვის მოსამზადებლად, დაახლოებით, 2 თვე გასტანა. სპეცტექნიკამ მოთხარა ხის ფესვების გარშემო მიწა ისე, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ფესვების ნიადაგთან ერთად შეკვრა სპეციალურად კონსტრუირებულ "ქოთანში" და მისი აწევა მიწის ზედაპირიდან 2 მეტრამდე სიმაღლეზე",- წერს უძილაური "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

ჟურნალისტის თქმით, ორი უზარმაზარი სატვირთო მანქანა თავის თავზე აიღებს 650 ტონიანი ხის სიმძიმეს და დაახლოებით 200 მეტრს გაატარებს ზღვის სანაპირომდე, სადაც ხეს გადაიტანენ ბარჟაზე და უკვე ზღვით მოხდება მისი ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე.

"დიდი ზომის ხეების ტრანსპორტირებაში, ამ ტრანსპორტირებას, მისი სირთულიდან გამომდინარე, პრეცენდეტი არ აქვს. მსოფლიოში არ მომხდარა ამ ზომების ხის ტრანსპორტირება ჯერ ხმელეთით, ხოლო შემდეგ ზღვის ტრანსპორტით. და უფრო მეტიც, ტრანსპორტირება, შესაძლოა შევიდეს გინესის რეკორდებში, რადგან 40 მეტრის სიმაღლის და 650 ტონის სიმძიმის ხე, ჯერ არავის გადაუადგილებია. და ბოლოს, ეს ტრანსპორტირება უნიკალურია იმითაც, რომ დღემდე მსგავსი სამუშაოები ამ ზომის ხის ტრანსპორტირებისთვის საქართველოში არ მომხდარა და კომპანია “ზიმო” პიონერია ამ საქმეში. ეს ის კომპანიაა, რომელმაც თავის დროზე, ბათუმის ერთ-ერთ ცათამბჯენზე “ეშმაკის ბორბალი” დაამონტაჟა", - წერს უძილაური.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ციხისძირში ასწლოვანი ხეების გადატანის პროცესი უამინდობის გამო გადაიდო. ადგილზე მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა, რომელზეც უკვე განათავსებული იყო ამოთხრილი ხეები.

ჟურნალისტებს კომპანია „ზიმოს“ ხელმძღვანელმა განუცხადა, რომ ციხისძირიდან ხეების გადატანის პროცესი, ზღვაზე ძლიერი ღელვის გამო გადაიდო.