გაეროს უშიშროების საბჭომ მშვიდობისმყოფელების მხრიდან ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ რეზოლუცია მიიღო.
უშიშროების საბჭომ ბან კი მუნის ინიციატივას დაუჭირა მხარი, რომელიც დანაშაულში მხილებული პირების დასჯისა და მსგავსი ფაქტების აღკვეთის მიზნით, მთელ რიგ ზომებს ითვალისწინებს.
დოკუმენტს საბჭოს 15 წევრიდან 14-მა დაუჭირა მხარი, თავი მხოლოდ ეგვიპტემ შეიკავა. რეზოლუციის თანახმად, სექსუალური ძალადობის შესახებ მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, გაეროს მშვიდობისმყოფელები მისიას დატოვებენ.
იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნები, რომელთა წარმომადგენლებიც დანაშაულში არიან მხილებული, გამოძიებას არ ჩაატარებენ და დამნაშავეებს არ დასჯიან, გენერალური მდივანი უფლებას იტოვებს, მოცემული ქვეყნის კონტინგენტი მისიიდან მოხსნას და ის სხვა ქვეყნის წარმომადგენლებით ჩაანაცვლოს.