სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დიღმის ტყე-პარკში დღეს საგაზაფხულო გამწვანების ღონისძიების ფარგლებში კედარი დარგო. გამწვანების აქციაში თბილისი ს მერი დავით ნარმანია, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი მონაწილეობდნენ.
გამწვანების აქცია თბილისის მერიასთან და გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად საქართველოს საპატრიარქოს ფონდის "გაამწვანე საქართველოს" მიერ იყო ორგანიზებული. აქციის დროს პატრიარქის 150-მა ნათლულმა და მათმა მშობლებმა კიპარისისა და კედარის 600 ნერგი დარგეს.
საგაზაფხულო გამწვანების პირველი მასშტაბური აქცია დღეს დიღმის ტყე-პარკში 7 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდა და 1,5-2,5 მეტრი სიმაღლის ხე-მცენარეები დაირგო.
დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ასევე ის გახარებული ნერგები დაათავლიერა, რომელიც 2014 წლის შემოდგომაზე დაირგო.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა, დიღმის ტყე-პარკის გარდა, ანალოგიური აქციები საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება.
"ამ სეზონზე 100 ათას თუთის ნერგს გავცემთ, რომლითაც ხელს შევუწყობთ მეაბრეშუმეობის აღორძინებას, სანაშენე მეურნეობიდან ასევე გაიცემა წიწვოვანი ხეები და სხვადაესხვა ჯიშის ნერგები", - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ქალაქის გამწვანებაში მოსახლეობაც აქტიურად იქნება ჩართული.
როგორც თბილისის მერიაში ცხადებენ, წელს თბილისის მასშტაბით დაგეგმილია 180 000 ნერგის დარგვა, 100 000 ხე-მცენარე კი შემოდგომაზე სეზონური რგვების ფარგლებში დაირგვება.
მსგავსი ღონისძიებები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. გამწვანების სამუშაოები წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე სპეციალისტების რეკომენდაციებით შემუშავებული გეგმის მიხედვით ტარდება. გაზაფხულზე ქალაქის მასშტაბით, 80 700 წიწვოვანი და ფოთლოვანი ნერგი მახათას მთის მიმდებარედ 15 ჰექტარ ფართობზე, ოქროყანაში გამხმარი და დაავადებული ხეებისაგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე, ასევე პარკებსა და სკვერებში, ქუჩების გასწვრივ დაირგვება.