გიორგი გაფრინდაშვილი თსუ-ს კანცლერობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ორშაბათს მიიღებს. ამის შესახებ თსუ-ს კანცლერობის კანდიდატმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "პოლიტიკაში" სატელეფონო ჩართვისას აღნიშნა. მისივე თქმით, ის 14 მარტს შეხვდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრებს, იმ ადამიანებს, ვინც მას მხარი დაუჭირა და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.
"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის განცხადება. შესაბამისად, პატივს ვცემ მთავრობის მეთაურის აზრს, თუმცა ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ჩემი არჩევა აკადემიური საბჭოს მიერ სამართლებრივი რეგულაციების დაცვით განხორციელდა. მიმაჩნია, რომ აუცილებელია მოვისმინო იმ ადამიანების აზრი, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ჩემს კანდიდატურას. აქედან გამომდინარე, ორშაბათს შევხვდები აკადემიური საბჭოს წევრებს და ამ შეხვედრის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას", - განაცხადა გიორგი გაფრინდაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში სატელეფონო ჩართვისას.