აშშ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს ვიცე პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის მოქმედ ვიცე პრეზიდენტს მარია შერმანს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოში მსოფლიო ბანკის განვითარების პროგრამა (DPO), რომლის მიხედვითაც საქართველო მიიღებს შეღავათიან სესხს სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებებით რეფორმების განსახორციელებლად.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მსოფლიო ბანკის განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული რეფორმები ბოლო სტადიაზეა. საქართველოს ვიცე პრემიერმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებზე და ამ მიმართულებით მიმდინარე და განსახორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ მიიღო 17 ნორმატიული აქტი, 18 კანონქვემდებარე აქტი, შეიმუშავა 7 სტრატეგია და არაერთი სამოქმედო გეგმა, რასაც ითვალისწინებდა ასოცირების შეთანხმება.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედება დააჩქარებს საქართველოს ევროინტეგრაციას, რაც დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკურ კეთილდღეობაზე.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის პროგნოზით, საქართველოს მშპ-ს ზრდა 2016 წელს 3 %-ის ფარგლებში იქნება და ეს ტენდენცია მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება. საუბარი ასევე წარიმართა საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ ე.წ. "ესტონური მოდელის" შემოღებაზე, რომლის თანახმადაც, მოხდება კერძო სექტორის სტიმულირება მოგების რეინვესტირებისა და ეკონომიკაში მისი ჩაბრუნების მიმართულებით.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ და ხაზი გაუსვა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. აღნიშნული პროექტი ქალაქ ვაშინგტონში გამართულ გლობალური ინფრასტრუქტურული ფორუმის ფარგლებში წლის სტრატეგიულ პროექტად დასახელდა.
შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა პროექტზე "საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებისთვის", რომლის განხორციელების პროცესში საქართველოს მთავრობის პარტნიორია მსოფლიო ბანკი.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ითქვა, რომ მისი განხორციელების შედეგადაც შეიქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიტანს განათლებას, ცოდნას და ხელს შეუწყობს ახალტექნოლოგიებზე დაფუძნებული კომპანიების ჩამოყალიბებას, რომლებიც აუცილებელ ელემენტებს შეადგენენ განვითარებისთვის და მდგრადი ინოვაციური ეკოსისტემისთვის. შეხვედრის დასასრულს საქართველოს ვიცე პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და მსოფლიო ბანკის მოქმედი ვიცე პრეზიდენტი მარია შერმანი სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე შეთანხმდნენ.