თანაშემწე, რომლის ადგილსაც ირაკლი ოქრუაშვილი დაიკავებს, გორის საკრებულოს თავმჯდომარეს უჩივის

თანაშემწე, რომლის ადგილსაც ირაკლი ოქრუაშვილი დაიკავებს, გორის საკრებულოს თავმჯდომარეს უჩივის

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე ნათია ომაძე მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი გორიდან იუწყება, ომაძე გორის მუნიციპალიტეტის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას აპირებს.

"საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველმა ჯერ კიდევ ორი დღის წინ დამიბარა და მითხრა, რომ სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება დამეწერა, თუმცა მე ვუთხარი, რომ განცხადების დაწერას არ ვაპირებდი და რომ მას ჰქონდა უფლებამოსილება ბრძანება გამოეცა და ამგვარად გავეთავისუფლებინე სამსაურიდან. ორი დღის განმავლობაში არავინ შემხმიანებია. დღეს დილით კი საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ დამიკავშირდა, შემხვდა და მითხრა, რომ განცხადება უნდა დამეწერა. სავარაუდოდ დღის ბოლომდე თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, დაწერენ ბრძანებას და გამათავისუფლებენ სამსახურიდან, თუმცა რა მოტივით და რა იქნება მითითებული აღნიშნულ ბრძანებაში, ჩემთვის უცნობია. ამ ფაქტთან დაკავშირებით ვაპირებ სამართლებრივი დავა წამოვიწყო სასამართლოში და ჩემი უფლებები დავიცვა", - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე ნათია ომაძემ.

ომაძის შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე დაადასტურა საკრებულოს თავმჯდომარემაც. ილია მეტრეველის განცხადებით, სწორედ აღნიშნულ პოსტს დაიკავებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.