რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე ევროპის საბჭოში უმრავლესობის მხარდაჭერის მოპოვება ჩვენი მისიის აქტიური მუშაობის კარგი შედეგია

რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე ევროპის საბჭოში უმრავლესობის მხარდაჭერის მოპოვება ჩვენი მისიის აქტიური მუშაობის კარგი შედეგია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენის აღსრულების შესახებ საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული კომიტეტი ავალდებულებს რუსეთის ფედერაციას წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია და ანალიზი იმის შესახებ, რომ მომავალში გამოირიცხოს დეპორტაციის ფაქტები.

"ჩვენ მივესალმებით ევროპის საბჭოს მინისტრის მოადგილეების კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენის აღსრულების შესახებ საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ", რომელიც ავალდებულებს რუსეთის ფედერაციას წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია და ანალიზი იმისა, თუ როგორ გამორიცხავს მათ მიერ გატარებული ღონისძიებები მსგავსი ადმინისტრაციული პრაქტიკის, კერძოდ დეპორტაციის განმეორებას მომავალში. აღნიშნული გადაწყვეტილება ასევე ავალდებულებს რუსეთის მხარეს წარმოადგინოს ინფორმაცია იმ ნაბიჯების შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს მათ მიერ მომავალში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 38-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას, რაც გულოსხმობს სასამართლოსთან თანამშრომლობას, მათ შორის სრული და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით", - განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ის შედეგი, რომელიც დადგა, არის ძალიან კარგი.

"ეს არის ძალიან კარგი შედეგი, რომელიც დადგა საგარეო საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი მუშაობით და ჩვენი მისიის აქტიური საქმიანობით, რომლებმაც მოიპოვეს ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა", - განაცხადა ზალკალიანმა.

2016 წლის 8-10 მარტს გაიმართა ევროპის საბჭოს მინისტრთან მოადგილეების კომიტეტის მორიგი სხდომა ადამიანის უფლებათა საკითხებზე. სხდომის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენის აღსრულება საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ". ამ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ განაჩენი 2014 წელს გამოიტანა საქართველოს სასარგებლოდ. საქმე ეხება 2006 წლის სექტემბრის ბოლოდან 2007 წლის დასაწყისადმე რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მოქალაქეების მასობრივ დაკავებას და დეპორტირებას.