საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის განცხადებით, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი საქართველოში გაერო-ს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის ვიზიტის თარიღი.
როგორც ზალკალიანმა დაგეგმილი ვიზიტის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან გაერო არის ის ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეებში აქვს თავისი განსაკუთრებული როლი.
"საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს მაღალი დონის ვიზიტებზე, მათ შორის გაერო-ს გენერალური მდივნის ვიზიტზე. თარიღთან დაკავშირებით ამ დროისთვის არ შემიძლია კონკრეტული ინფორმაცია გითხრათ. ეს სამუშაო პროცესია და უახლოეს პერიოდში გვეცოდინება ამ ვიზიტის თარიღი. გაერო-ს გენერალური მდივანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით არ ყოფილა. ის მხოლოდ ერთხელ გავლით იყო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი, რადგან გაერო არის ის ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეებში აქვს თავისი განსაკუთრებული როლი", - განაცხადა ზალკალიანმა.
რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას, უკავშირდება თუ არა ეს ვიზიტი ცენტრალურ აფრიკაში ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით დაფიქსირებულ ფაქტებს, ზალკალიანმა განაცხადა, რომ ეს ვიზიტი ამ ფაქტებთან კავშირში არ არის.