პრეზიდენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცალსახა პოზიციაა, სახელმწიფო უნივერსიტეტში თუკი არსებობს ე.წ.ოდეერის ინსტიტუტი, რაზეც საუბრობს რექტორი და სტუდენტები, უნდა გაუქმდეს, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ უნივერსიტეტის რექტორ ლადო პაპავასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
კახა კოჟორიძის თქმით, მათი შეხვედრის მთავარი თემა სწორედ ე.წ. ოდეერის ინსტიტუტი იყო.
"როდესაც გიორგი მარგველაშვილი გახდა საქართველოს პრეზიდენტი, მან მაშინვე გააუქმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში "ოდეერის ინსტიტუტი". თუ ადმინისტრაციაში არ უნდა იყოს მსგავსი ინსტიტუტი, უნივერსიტეტში ასეთი რამ არის სრულიად წარმოუდგენელი. სიტყვა თავისუფლება – სრული დატვირთვით სწორედ უნივერსიტეტში უნდა რეალიზდეს. ეს არის პრეზიდენტის ცალსახა პოზიცია", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, რომ ისინი არ ჩაერევიან უნივერსიტეტის შიდა საქმეებში და კონკრეტულად ვინ უნდა იყოს კანცლერის თანამდებობაზე წარდგენილი, თავად უნივერსიტეტმა უნდა გადაწყვიტოს.