აშშ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, კენჭი უყაროს რეზოლუციას, რომელიც გაერო-ს მშვიდობისმყოფელთა მხრიდან სექსუალური ძალადობის პრობლემის ესკალაციასთან ბრძოლას ისახავს მიზნად. ამის შესახებ სააგენტო "ფრანს-პრესი" იტყობინება.
აშშ-ის წარმომადგენელმა გაერო-ში, სამანტა პაუერმა სიტყვით გამოსვლის დროს გაერო-ს მოუწოდა, ინფორმაცია მიაწოდონ იმის შესახებ, რატომ არ არის გამოძიებული მშვიდობისმყოფელების მიმართ ძალადობის შესახებ ბრალდებები. პაუერმა ასევე გააკრიტიკა გაერო-ს სამშვიდობო მისიის დეპარტამენტი იმის გამო, რომ მან 2015 წელს სექსუალური ხასიათის ძალადობაში ბრალდებული კონგოელი სამხედროები სასწრაფოდ უკან არ გაიწვია.
"ამ წლის პირველი ორი თვის განმავლობაში ერთი და იგივე ქვედანაყოფის მიმართ რვა ახალი ბრალდება გაისმა, მათგან შვიდი მცირეწლოვნებს ეხება, გამოცდილება გვაიძულებს დავსვათ კითხვა, ეს სამხედროები მალევე რომ დაებრუნებინათ სამშობლოში, რამდენი ბავშვი გადარჩებოდა ენით გამოუთქმელ ძალადობას?", - აღნიშნა აშშ-ის წარმომადგენელმა გაერო-ში.
გაერო-ს მისიაში მონაწილე სამხედროები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არასრულწლოვანების მიმართ სექსუალურ ძალადობაში არაერთხელ დაადანაშაულეს. ერთ-ერთი ბოლო ცნობა თებერვლის დასაწყისში გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, გაერო-ს ცნობით, არასრულწლოვნების ძალადობაში ქართველ და ფრანგ სამხედროებსაც ადანაშაულებდნენ.