რუსეთი ვალდებულია ითანამშრომლოს ევროსასამართლოსთან

რუსეთი ვალდებულია ითანამშრომლოს ევროსასამართლოსთან

8-10 მარტს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების ადამიანის უფლებათა საკითხებზე კომიტეტის 1250-ე სხდომა გაიმართა. სხდომის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენის აღსრულება საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ".

როგორც euronews.ge წერს, დებატებისას სიტყვით გამოვიდა ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, კონსტანტინე კორკელია, რომელმაც, სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ გატარებული ღონისძიებები არ არის საკმარისი და აუცილებელია დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა გადადგმული ნაბიჯების შესახებ.

"მისი განცხადებით, რუსეთის მხარემ უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია იმ მექანიზმების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფს მსგავსი დარღვევების თავიდან აცილებას მომავალში. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან თანამშრომლობის აუცილებლობას. დებატებში მხარი დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ირლანდიამ, ლიტვამ, ლატვიამ, უკრაინამ, ნორვეგიამ, ფინეთმა, შვედეთმა, დანიამ და შვეიცარიამ დაგვიჭრა", - წერს euronews.ge.

აღნიშნულ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ განაჩენი 2014 წელს, საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა. საქმე ეხება 2006 წლის სექტემბრის ბოლოდან 2007 წლის დასაწყისამდე რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მოქალაქეების მასობრივ დაკავებასა და დეპორტირებას.