ბარაკ ობამამ დევიდ კემერონი და ნიკოლა სარკოზი გააკრიტიკა

ბარაკ ობამამ დევიდ კემერონი და ნიკოლა სარკოზი გააკრიტიკა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ლიბიაში რამდენიმე წლის წინ განვითარებული მოვლენების გამო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი და საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი გააკრიტიკა.

"როდესაც ამ საკითხს თავიდან ვუბრუნდები, საკუთარ თავს ვეკითხები, რა მოხდა არასწორად. კრიტიკისთვის ბევრი ადგილი რჩება. მე უფრო მეტი ნდობა მქონდა ევროპელების მიმართ, ლიბიის ევროპასთან ახლოს მდებარეობის გამო," - აღნიშნა ბარაკ ობამამ "ატლანტიკთან" ინტერვიუში.

მისივე თქმით, ბრიტანეთის პრემიერმა ყურადღება ლიბიის საკითხთან დაკავშირებით მალევე მოადუნა და სხვა საკითხებით დაკავდა.

რაც შეეხება სარკოზის, ობამამ განაცხადა, რომ "მას (სარკოზის) სურდა ლიბიაში ეტრაბახა საფრანგეთის მიერ დაწყებული საჰაერო კამპანიით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე განადგურებული გვქონდა ლიბიის საჰაერო თავდაცვის ინფრასტრუქტურა".

ამასთან, როგორც ობამამ მანამდე აღნიშნა, დიდი ბრიტანეთი ვეღარ იტყვის, რომ მას აშშ-სთან "განსაკუთრებული კავშირები" აქვს, თუ იგი თავდაცვაზე მშპ-ის სულ მცირე 2 პროცენტს არ დახარჯავს.

"შენ უნდა გაიღო შენი სამართლიანი წილი", - უთხრა მან დევიდ ქემერონს.

ობამამ ასევე აღნიშნა, რომ მისი საპრეზიდენტო მისიის ნაწილია ის, რომ ქვეყნებს სტიმული მისცეს, რომ თავად იმოქმედონ ხოლმე და არ დაელოდონ აშშ-ს.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, საერთაშორისო წესრიგის დაცვის მიზნით აშშ-ს ტვირთი სხვა ქვეყნებმაც უნდა გაიზიარონ.