პან გი მუნი სექსუალურ ძალადობაში მონაწილე მშვიდობისმყოფელების მიმართ

პან გი მუნი სექსუალურ ძალადობაში მონაწილე მშვიდობისმყოფელების მიმართ "გადამწყვეტ ქმედებებს" ითხოვს

გაერო-ს გენერალური მდივანი პან გი მუნი აცხადებს, რომ ორგანიზაციის მშვიდობისმყოფელების მიერ სექსუალური ძალადობისა და ექსპლუატაციის შემთხვევების დასრულების მიზნით, საჭიროა "გადამწყვეტი და თამამი ქმედებები". ამის შესახებ Voice of America წერს.

გაერო-ს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას, პან გი მუნმა ასევე განაცხადა, რომ მხოლოდ გასულ წელს მშვიდობისმყოფელების წინააღმდეგ 69 მსგავსი ბრალდება დაფიქსირდა, რაც გაერო-ს მიმართ ნდობას საფრთხეს უქმნის.

"ეს ღალატობს გაერო-ს იმ ღირებულებებსა და პრიციპებს, რაც უნდა განვავითაროთ, და აზიანებს ორგანიზაციის სამშვიდობო მისიებისა და მთლიანად გაერო-ს მიმართ სანდოობას", - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

გაერო-ს მისიაში მონაწილე სამხედროები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არასრულწლოვანების მიმართ სექსუალურ ძალადობაში არაერთხელ დაადანაშაულეს. ერთ-ერთი ბოლო ინფორმაცია თებერვლის დასაწყისში გავრცელდა, რომლის თანახმადაც, გაერო-ს ცნობით, არასრულწლოვნების ძალადობაში ქართველ და ფრანგ სამხედროებსაც ადანაშაულებდნენ.