რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, მიხაილ ლესინი, რომელიც გასულ წელს აშშ-ში გარდაცვლილი იპოვეს, ბლაგვი საგნით თავში მიყენებული ჭრილობის შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ "ბიბისი" ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.
ვაშინგტონის მთავარი სამედიცინო ექსპერტი ამბობს, რომ ლესინს ჭრილობები კისრის, მხრებისა და ფეხების არეშიც აღენიშნებოდა.
57 წლის ლესინი გარდაცვლილი ვაშინგტონის ერთ-ერთ სასტუმროში იპოვეს. იგი რუსეთის კომუნიკაციების ყოფილი მინისტრი და ერთ დროს "გაზპრომ-მედია" ჯგუფის ხელმძღვანელიც იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ლესინს რუსულ მედიაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.
ლესინის გარდაცვალების შემდეგ, რუსულმა მედიამ მისი ოჯახის წევრების კომენტარები გაავრცელეს, სადაც ისინი ამბობენ, რომ ლესინი გულის შეტევით გარდაიცვალა.
მომხდარზე ვაშინგტონში გამოძიება დაიწყო. თუმცა, პოლიციაში მიხაილ ლესინის შესაძლო მკვლელობის შესახებ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა კი აცხადებს, რომ იგი ვაშინგტონისგან განმარტებებს და გამოძიების დეტალებს ელოდება.