ირაკლი იაშვილი - ანაკლიის პორტი შესაძლოა წამგებიანი აღმოჩნდეს

ირაკლი იაშვილი - ანაკლიის პორტი შესაძლოა წამგებიანი აღმოჩნდეს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი შესაძლოა წამგებიანი აღმოჩნდეს, - ამის შესახებ "ისთ გეით ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილმა PALITRANEWS-ს განუცხადა.

როგორც იაშვილმა გადაცემა "ბიზნესპერსონაში" სტუმრობისას აღნიშნა, ფოთის პორტის მფლობელი კომპანია APM Terminals-ი ფოთში ახალი ნავსადგურის აშენებას გეგმავს, რომლის გეგმაც, შესაძლოა უახლოესი 100-150 წლის განმავლობაში საქართველოში ტვირთების მომსახურების მოთხოვნილების დაფარვა იყოს. იაშვილის შეფასებით, აღნიშნული პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ანაკლიის პორტს, როგორც ფინასური რესურსების მოზიდვის, ასევე გადაზიდვების კუთხით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდება.

"აპირებენ ახალი, დიდი საკონტეინერო ნავსადგურის აშენებას, არსებული ნავსადგურიდან ჩრდილოეთ მიმართულებით, ფოთის გეზ-ის გაგრძელებაზე. მათ აქვთ საკუთარი ტერიტორია, აქვთ აზრი განვითარების და ის მოთხოვნილება, რაც უახლოესი 100-150 წლის განმავლობაში შეიძლება საქართველოს ჰქონდეს, მთლიანად დაფარონ. ამიტომ თუ ეს პროექტი დაიწყება, ამ შემთხვევაში ფინანსურ ინსტიტუტებს გაუჩნდებათ ძალიან სერიოზული კითხვა ახალი ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით. ისეთი გამოცდილი საზღვაო კომპანია, როგორიც არის "მაერსკი" და მისი მფლობელი იაპი მიოლერი, მგონი მაინც უპირატესობით ისარგებლებენ. გარშემო, ეკონომიკები არ არიან ისეთი განვითარებული და არ აქვთ ისეთი რაოდენობის ტვირთები, რომ ანაკლიის პორტი იმ მოცულობით დაიტვირთოს, რაც იყო გაჟღერებული. 100 მილიონი ტონა ტვირთი ეს წარმოუდგენელი ციფრია. ჩვენ დღეს გვაქვს ორი, ასე ვთქვათ მოგებაზე მომუშავე ნავსადგური. თუ ამ მასშტაბის პორტი აშენდება, ჩვენ მივიღებთ სამს, რომელიც აუცილებლად იქნება წამგებიანი, იმიტომ რომ აუცილებლად დაიწყება კონკურენცია ერთმანეთში, არსებული ტვირთების გადანაწილებაზე, რადგან ტვირთის მოზიდვა ნავსადგურით შეუძლებელია. ტვირთს ქმნის ეკონომიკა", - განაცხადა ირაკლი იაშვილმა.