ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა აცხადებს, რომ ის გადადგომას არ აპირებს. ამის შესახებ ლადო პაპავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მისი მოსალოდნელი გადადგომის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
ლადო პაპავამ რექტორის გადადგომის შემდეგ კანონის თანახმად საჭირო პროცედურებზე ისაუბრა და კანონის ჩანაწერს ანომალიური უწოდა.
"ნამდვილად არ ვგეგმავ გადადგომას. დღეს უნივერსიტეტში არის საკმაოდ რთული ვითარება. კანცლერი არ არის. ახლა რექტორის გადადგომა წარმოგიდგენიათ რას ნიშნავს? ესე იგი, დარჩება უნივერსიტეტი საერთო მმართველის გარეშე. გარდა ამისა, ძალიან რთული ჩანაწერია "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში. რექტორის გადადგომის შემთხვევაში, მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს მთელი უნივერსიტეტი. მთელმა უნივერსიტეტმა რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დაასახელოს, ამას საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურები დასჭირდება", - განაცხადა ლადო პაპავამ.
მისივე განმარტებით, რექტორის გადადგომის შემთხვევაში შესაძლოა უნივერსიტეტი 2 თვემდე ხელმძღვანელის გარეშე იყოს. პაპავას განცხადებით, კანონის თანახმად, რექტორს აკადემიური საბჭოს 14-კაციანი შემადგენლობა ირჩევს. რექტორის მოვალეობის შემსრულებელს მთელი უნივერსიტეტი ასახელებს. პაპავას შეფასებით, ეს არის ანომალიური ჩანაწერი და წესით პირიქით უნდა იყოს.
"როგორც რექტორი, ვაცნობიერებ ჩემს პასუხისმგებლობას და რა თქმა უნდა, არ განვიხილავ რექტორის გადადგომის რაიმე შესაძლებლობას. მაგრამ ამავდროულად უნდა ვისარგებლო შემთხვევით და ხაზი გავუსვა, პროცესი როგორც მიმდინარეობს საბოლოო ჯამში, მომართულია იქითკენ, რომ რექტორი აიძულონ გადადგეს, ხოლო თუ რექტორი აიძულეს და მაინც გადადგა, მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, მაშინ უნივერსიტეტი ჩავარდება უმძიმეს მდგომარეობაში, ამიტომ არ ვაპირებ გადადგომას. ჩემი აზრით, მთავარი არ არის გაფრინდაშვილი. აქ უკვე მთავარია დარტყმა რექტორზე", - განაცხადა ლადო პაპავამ.