ლევან გაჩეჩილაძე უკვე თვითონ დაიბნა იმდენი სარჩელი აქვს სასამართლო ორგანოებში შეტანილი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შპს "ტელეკომპანია მაესტროს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბაჩო კიკაბიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ლევან გაჩეჩილაძეს მის მიმართ რაიმეს დამტკიცება გაუჭირდება.
"ლევან გაჩეჩილაძე უკვე თვითონ დაიბნა იმდენი სარჩელები აქვს შეტანილი სასამართლო ორგანოებში. უნდათ საქალაქო სასამართლოს, უნდათ პროკურატურას, უნდათ სუს-ს მიმართონ. თუ ვინმე დაიწყებს მტკიცებას, რომ "მაესტრო" არ ვართ მე, მამუკა ღლონტი და ჩვენი სხვა მეგობრები და არის თვითონ, ძალიან გაუჭირდებათ ამის დამტკიცება. მესამე და კიდევ უფრო იქეთ პირი არიან თვითონ ის ადამიანი, ვინც აცხადებს, რომ "მაესტროსთვის" მესამე პირი ვარ მე. ლევან გაჩეჩილაძე ფიქრობს, რომ რახან თეა წულუკიანმა მოავლინა "მაესტროს" დირექტორად, სხვა დამფუძნებლები არ არიან და 99 % ლევან გაჩეჩილაძის არის? ასე არ ხდება", - განაცხადა კიკაბიძემ.
რაც შეეხება იმას, თუ რა სიხშირეზე აპირებს "მაესტროს" სახელით ახალი ტელეკომპანიის ფუნქციონირების დაწყებას და ვინ იქნებიან თანამშრომლები, კიკაბიძის თქმით, ეს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
"მაესტროს" გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს მორიგი სარჩელით მიმართავს. როგორც ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა, ნანუკა ჭკუასელმა განუცხადა, გაჩეჩილაძე მოითხოვს შპს "ტელეკომპანია მაესტროს" მფლობელ ილია კიკაბიძეს არ მიეცეს შპს "სტუდია მაესტროს" სახელის გამოყენების უფლება.
როგორც ცნობილია, ილია კიკაბიძე "მაესტროს" სახელით უახლოეს დღეებში ახალი ტელეკომპანიის მაუწყებლობის დაწყებას გეგმავს. მისი მტკიცებით, სახელიც და ლოგოც მისი მოგონილია და 2011 წლიდან ორივე მის საკუთრებაშია.
უკვე ცნობილია, რომ ახალი არხი მაუწყებლობას იმავე შენობაში დაიწყებს, რომელშიც "მაესტრო" ახლა ფუნქციონირებს. შენობას ტელეკომპანიის მაუწყებლობისთვის ილია კიკაბიძეს მაკა ასათიანი უთმობს.