თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს, 15:00 საათზე საპროტესტო აქციას განაახლებენ. სტუდენტების მოთხოვნა უცვლელია – მოიხსნას კანცლერის პოზიციაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურა, დაიწყოს გამოძიება უნივერსიტეტში "ოდეერის" ინსტიტუტის არსებობის შესახებ, მოხდეს კანცლერის არჩევის სისტემის რეფორმირება, შეწყდეს თვითმმართველობის პრივილეგიების წახალისება ადმინისტრაციისა და რექტორატის მხრიდან და მოხდეს თვითმმართველობის ფუნქციის, ასევე ადმინისტრაციის უფლებების მინიმალიზაცია.
სტუდენტების ნაწილმა ღამე უნივერსიტეტის ფოიეში გაათენა. მათი ინფორმაციით, უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლების მხრიდან ღამის განმავლობაში რაიმე ტიპის ხელშეშლის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
როგორც სტუდენტები აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ სენატისა და ადმინისტრაციისგან გარკვეული დაპირებები მიიღეს, დანებებას მაინც არ აპირებენ.
მათივე ინფორმაციით, დღევანდელ საპროტესტო აქციას სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც შეუერთდებიან.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გუშინ, სენატის სხდომა ჩაიშალა. ამის მიზეზი გახდა სტუდენტების ერთი ჯგუფის აქცია, რომელიც უნივერსიტეტის კანცლერად გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას ეწინააღმდეგება.