რამდენიმე წუთის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც აქციას მართავენ და მათ აქციის შეწყვეტა სთხოვა.
როგორც ვლადიმერ პაპავამ სტუდენტებს განუცხადა, ორშაბათს შედგება საკოორდინაციო შეხვედრა, რომელშიც სენატის წევრებთან ერთად უნივერსიტეტის სტუდენტებიც მიიღებენ მონაწილეობას და მოხდება კანცლერის არჩევნებზე წარდგენილი კანდიდატურების განხილვა.
შეხვედრა სიტყვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტები დაინტერესდნენ, თუ რატომ არ ჰქონდათ ინფორმაცია უნივერსიტეტის სენატის წევრებს ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გაფრინდაშვილის პიროვნების შესახებ, რომელსაც ბრალად სტუდენტთა წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები ედებოდა, რისი დამამტკიცებელი ვიდეომასალაც, მათი განცხადებით, ინტერნეტში არსებობს.
სტუდენტების ნაწილი არ ეთანხმება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სენატის შეთავაზებას და აცხადებს, რომ ეს არის მხოლოდ დროის გაყვანის მცდელობა.
ამ წუთებში სტუდენტები შეთავაზებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მართავენ და უახლოეს წუთებში ცნობილი გახდება, დაეთანხმებიან თუ არა ისინი უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სენატის მიერ გაკეთებულ შეთავაზებას.