ვიზალიბერალიზაციის პირველი ეტაპი წარმატებით გადაილახა, მაგრამ პოლიტიკური პროცესი ჯერ კიდევ წინ არის

ვიზალიბერალიზაციის პირველი ეტაპი წარმატებით გადაილახა, მაგრამ პოლიტიკური პროცესი ჯერ კიდევ წინ არის

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული პირველი ეტაპი წარმატებით იქნა გადალახული, თუმცა პოლიტიკური პროცესი ჯერ კიდევ წინ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბაქოში განუცხადა, რითაც ევროკავშირთან საქართველოს უვიზო რეჟიმის საკითხთან დაკავშირებული პროცედურის დაწყებას გამოეხმაურა.

პრეზიდენტის თქმით, ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ პოლიტიკურ პროცესშიც ისეთივე აქტიური მუშაობაა საჭირო, როგორც პირველ ფაზაზე.

"ეს პროცესი ძალიან ახლოს არის და ნაცნობია მთელი ქართული საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ, როგორც პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ისევე მთლიანად საზოგადოება ძალიან ბევრს აკეთებდა და აკეთებს იმისთვის, რომ მკვეთრი და გაბედული ნაბიჯები გადაიდგას ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესში. პირველი ეტაპი ამ სამუშაოსი, რომელიც ეხება ვიზალიბერალიზაციას, წამატებით იქნა გადალახული, თუმცა ბუნებრივია, პროცესი ბოლომდე ჯერ არ არის მიყვანილი - პოლიტიკური პროცესი ჯერ კიდევ წინ არის. ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ როგორც აქტიურად ვიმუშავეთ პირველ ფაზაზე, ასევე ძალიან აქტიურები უნდა ვიყოთ ამ პოლიტიკურ პროცესშიც, იმიტომ რომ პოლიტიკური დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან ევროპაში იქნება ის, რაც რეალურად ამ პროცესს ბოლომდე დაასრულებს", - განაცხადა პრეზიდენტმა.